წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა
დღეს სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლი გაიხსნა. რეაბილიტირებული ძეგლი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოდგილემ გიორგი ამაშუკელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ , მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და ძეგლის ავტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორ ანდრო ბედუკაძესთან და სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტებთან ერთად გახსნეს.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, გახსნას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებსაც სიმბოლურად ილია ჭაჭავაძის პერსონაჟების კოსტიუმები ეცვათ.
ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კვარცხლბეკს, მოხდა მისასვლელი კიბის რეკონსტრუქცია , გაკეთდა ამფითეატრი, გარეგანათება და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 544997,95 ლარია. საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება პრიორიტეტული საკითხი იყო, სწორედ ამიტომ პროექტი 4 თვეში ყველა პარამეტრის სრული დაცვით განხორციელდა. ძეგლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა, თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა.
ფონდის დაკვეთით საპროექტო კომპანიამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი ორ თვეში შეიმუშავა. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარებულა. თუმცა, ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში წლების განამვლობაში არ დამდგარა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა პროექტის სწრაფად და ხარისხიანად განხორციელება.
ძეგლის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფონდ „ წიწამური დღეს“ წევრები, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე და საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამღვარი დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი ესწრებოდნენ.