კასპში იძულებით გადაადგილებულ 113 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირეტორმა სტეფან ჰაიკენმა კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
კასპში, ყოფილი საავადმყოფოს, შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 4.043.674,44 ლარია. პროექტის ფარგლებში 113 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 37 ერთოთახიანი, 52 ოროთახიანი, 24 სამოთახიანი, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული. ბენეფიციარები სამაჩაბლოდან დევნილები არიან . პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 170 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე იყო.
აღსანიშნავია, რომ ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი. ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და დეკორატიული სანათები. USAID-თან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 10 კორპუსის რეაბილიტაცია მოხდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ჯამში 335 ოჯახს გადაეცა სახლი, 2014 წელს კი 3 კოურპუსის რეაბილიტაცია განხორციელდა: უკვე გაიხსნა ბორჯომში ახალი საცხოვრებელი კორპუსი, ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისში 110 ადგილიანი კორპუსის რეაბილიტაცია, ჯამში კი 241 ოჯახს გადაეცემა ბინა.