320 იძულებით გადაადგილებულ ოჯახისთვის ზუგდიდში 10 კორპუსი შენდება
320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი წლის ბოლოს ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს, 320 ოჯახისთვის ზუგდიდში 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსიშენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავილაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ზუდგიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მშენებლობა დასრულდება, ასობით დევნილ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება. სამშენებლო სამუშაოებზე, 200 ადამიანია დასაქმებული, აქედან 150 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 50 -ამდე იძულებით გადაადგილებული პირი. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხ და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. საერთო ჯამში, პროექტით 320 ბინის მშენებლობაა გათვალისწინებული, შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაფტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მშენებლობას. საცხოვრებელ უბანში გათვალისწინებულია გამწვანებული ბაღის, საბავშვო და სპორტული მოედნის მოწყობაც. მთელ ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდება, ასევე, გამწვანდება ტერიტორია, სპორტულ მოედანზე კი ხელოვნური საფარი დაიგება. ყველა სახლს ექნება ღია ავტოსადგომი, ძირითადი გზების ავტოსადგომზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი.
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიაზე ჭაბურღილების ბურღვაც მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შედეგად, 10 კორპუსის მოსახლეობას ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და არ იქნება დამოკიდებული ქალაქის ქსელზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება კარმის ტიპის გამათბობელი და გაზქურა.
კორპუსების მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. სამუშაოების საერთო ღირებულება 10 მლნ. 339 ათასი ლარია. სამუშაოებს ქართული კომპანია - შპს ,,დაგი“ ახორციელებს.