გიორგი ამაშუკელმა მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და, ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლორა თაკს შეხვდა. ფონდის დირექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს რეაბილიტირებული კახეთი დაათვალიერებინა, კახეთის რეაბილიტაცია სწორედ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. კერძოდ, ვიცე პრეზიდენტმა რეაბილიტირებული თელავი და ალავერდი მოინახულა. ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მაწვნის სახლი გააკეთა. გარდა რეაბილიტირებული ობიექტების მონახულებისა, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების მესამე პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეაბილიტაცია დაიწყება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაც ისეთი წარმატებით გაგრძელდება, როგორც ამჟამად მიმდინარეობს.