დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს. 

 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სპორტული ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების დეტალები ადგილზე განიხილა. 
 
პირველი პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას, რომელიც დაახლოებით 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზებს, დიდ და საბავშვო აუზებს, ასევე სატრენაჟორო და ფიტნეს და სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ დარბაზებს,  კულტურულ-შემეცნებით სივრცეებს. 
 
ამავე ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ტექნიკური საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სრულად აღჭურვილ გასახდელებს, სველ წერტილებსა და სამეურნეო სათავსებს. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
 
ახალი სპორტული ობიექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთისა და სხვა სპორტის სახეობების განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.