დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

 

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა.

120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

 

სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია. ასევე გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, ათამაშო მოედნისა და ეზოს მოწყობა.

 

სოფელ განთიადის სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობებს ხარისხიანი განათლების მიღებისა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.