ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტადიონის ტერიტორია ადგილზე მოინახულა.

 

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.

 

საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები.

 

პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი.

 

ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.