UNESCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების — ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, მინისტრის მოადგილეები და არქიტექტურული კომპანიის „არტსტუდიო პროჯექტი“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იყო მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
ვინაიდან საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის ისტორიული ძეგლების ბუფერულ ზონაში, პროექტის შემდგომი განვითარება მოითხოვს მუნიციპალიტეტთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებას, ასევე UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა UNESCO-ს წარმომადგენლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და განვითარება ისე, რომ მათი ავთენტურობა და ისტორიული ღირებულება სრულად იყოს შენარჩუნებული. მინისტრის თქმით, პროექტის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციას და UNESCO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას.
„არტსტუდიო პროჯექტის“ წარმომადგენლებმა მისიის წევრებს გააცნეს პროექტის ძირითადი კონცეფცია და დაგეგმილი სივრცითი გადაწყვეტილებები. პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი შეეხო ტერიტორიის ურბანულ მორფოლოგიას, სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირებს, არსებული გარემოსა და ლანდშაფტის თავისებურებებს, ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებს, ასევე ტერიტორიის ისტორიული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებას.
პროექტი ითვალისწინებს 70 ჰექტარზე მდინარისპირა რეკრეაციული პარკის მოწყობას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, თეატრონის რეაბილიტაციას, ლანდშაფტური სივრცეების მოწყობას. პარკი მოემსახურება როგორც მცხეთის, ისე თბილისის მოსახლეობასა და სტუმრებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთნხდნენ, რომ UNESCO დამატებით განიხილავს პროექტის დეტალებს საბოლოო რეკომენდაციების გასაცემად.


