ქალაქ რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

10 თებერვალი 2026

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

სკოლა 700 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.

 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი.

 

სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ლაბორატორიას, სპორტულ დარბაზსა და ეზოს მოწყობას. შენობაში სრულად შეიცვლება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

 

საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 7.5 მილიონი ლარია.

 

სკოლის რეაბილიტაციის პროცესის გაცნობის შემდეგ, რუსთავის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც მერმა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები განიხილეს, მათ შორის N16, N2 და N1  საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოების დაწყება ფონდს მიმდინარე წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.