რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, უეფას სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს.
ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სტუდია 9“, რომელიც ახალი სტადიონის პროექტს უეფას IV კატეგორიის მოთხოვნების მიხედვით ამზადებს, წინა საპროექტო კვლევა უკვე დაასრულა.
იგეგმება რუსთავის ამჟამად არსებული, ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და მის ადგილას თანამედროვე, 8 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენება.
პროექტით გათვალისწინებულია როგორც სპორტული, ისე სათადარიგო მოედნის მშენებლობა, უსაფრთხოების, განათების სისტემების, გასახდელების, მედია ზონების და პარკინგის ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას.
რუსთავის ახალ სტადიონზე შესაძლებელი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება.


