რეგიონებში კულტურული-სპორტული-საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყობა

30 იანვარი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ საკონკურსო კომისიის სხდომაზე შეფასდა ამბროლაურის კულტურის სახლის, თელავის საცურაო აუზისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის არქიტექტურული კონცეფციები. კონკურსების მიზანია რეგიონებში თანამედროვე, ფუნქციური და გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
ამბროლაურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში წარმოდგენილი იყო 6 კონცეფცია. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის რესტავრაციასა და მის გარდაქმნას მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ, სადაც განთავსდება საგამოფენო, სასცენო და საზოგადოებრივი გამოყენების ზონები.
თელავში საცურაო აუზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 14-მა არქიტექტურულმა ბიურომ მიიღო მონაწილეობა. კომისიამ კონცეფციები შეაფასა გარემოსა და ლანდშაფტთან ინტეგრაციის, ფუნქციური დაგეგმარებისა და არქიტექტურული გადაწყვეტების მიხედვით. პროექტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის 100 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში 17 კომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილი კონცეფციები ორიენტირებულია უსაფრთხო, მოსწავლეზე მორგებული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. გამარჯვებული პროექტი გამოყენებული იქნება ანალოგიური მოცულობის სკოლების მშენებლობისთვის სხვა მდებარეობებშიც.
საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მისი მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ასევე კულტურისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.


