კასპში ახალი პარკის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას.
პროექტის მიზანია შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის დასვენების, გართობისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.
პროექტის მიხედვით, კასპის ახალ პარკში უნდა მოეწყოს შადრევნები, საბავშვო და დასასვენებელი ზონები, ატრაქციონები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები.
გარდა ამისა, პარკი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, სკეიტბორდის მოედანს, ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკების ქსელს.
პროექტის მიხედვით მოწესრიგდება ტბის სანაპირო, პარკში განთავსდება პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი და სწრაფი კვების ობიექტები.
კასპის ახალი პარკის ტერიტორიაზე ასევე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი, განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტერიტორიის ადგილობრივი სახეობების ხე-მცენარეებით გამწვანებას და ეკოლოგიურად მდგრადი მასალების გამოყენებას.


