საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება დაინერგება

26 იანვარი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნატო საძაგლიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის, BIM განათლების განვითარების მიზნით, გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება დაინერგება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო, საინჟინრო და არქიტექტურული დარგების სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, სასწავლო პროცესში ინტეგრირდეს უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები და ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებზე მორგებული ცოდნა.

 

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ასევე თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალი მშენებელი ინჟინრებისა და არქიტექტორების თანამედროვე ციფრული უნარებით აღჭურვას, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

პროექტი მნიშვნელოვანია ურბანისტიკის, სამშენებლო და საინჟინრო სფეროების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების, როგორიცაა Autodesk, Trimble, Fine, IdeaStatica ინტეგრაციას განათლების სისტემაში და ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე BIM სასწავლო ცენტრის დაფუძნებას.

 

მომავალ ინჟინრებსა და არქიტექტორებს შეექმნებათ ისეთი აკადემიური და ტექნოლოგიური გარემო, რომელიც ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებს შეუწყობს ხელს.

 

ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანა ისეთი არქიტექტორების, ურბანისტებისა და დიზაინერების მომზადებაა, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ქალაქების განვითარების გამოწვევებზე პასუხის გაცემას მდგრადი განვითარების, ციფრული დაგეგმარებისა და ინოვაციური სივრცითი აზროვნების საფუძველზე.

 

ახალი ტექნოლოგიური გადამზადება ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.