სოფელ ხუცუბანში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან.
ქობულეთში, პროექტის ავტორებთან ერთად, მათ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები და მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს.
რაგბის ახალი სტადიონის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული მოედნის ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი, 250 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.
ასევე, გათვალისწინებულია 450 კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მსაჯების, მწვრთნელებისა და ექიმების ოთახები და სხვა დამხმარე სივრცეები.


