საკონკურსო კომისიამ განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განვითარების კონცეფციები განიხილა

8 იანვარი 2026
განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილული იყო კონკურსში მონაწილე სამი არქიტექტურული ბიუროს მიერ წარმოდგენილი კონცეფციები. კონკურსის მიზანია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია-განვითარების საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. წარმოდგენილი წინადადებები ითვალისწინებდა არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარებას, ასევე ახალი ფუნქციური და რეკრეაციული ობიექტების დამატებას.
საკონკურსო კომისიამ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, შეხვედრა გამართა წნორის მულტიფუნქციური კომპლექსის არქიტექტურულ კონკურსში მონაწილე ბიუროების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს წარმოდგენილი კონცეფციების ტექნიკური და ფუნქციური პარამეტრები.
სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მახაზ ბეგიაშვილი და საკონკურსო კომისიის წევრები, მათ შორის არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
საკონკურსო კომისია ორივე კონკურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.


