ქობულეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ახალი სკოლების პროექტირება იწყება

9 იანვარი 2026

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში  ახალი სკოლების  პროექტირებას იწყებს.

 

ჩაქვის სკოლა  არანაკლებ 2000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ბარდუბანში კი არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.

 

ორივე პროექტი, შემდგომში,  სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.

 

სკოლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სამასწავლებლოები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

 

გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის შენობებში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური  და სპორტული დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოებში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნების მოწყობა.

 

ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.