წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება

11 დეკემბერი 2025

 ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხაში ქალაქის პირველი სკოლის პროექტირებასთან დაკავშირებით, არქიტექტორული ბიუროს - ნიუ სითი დეველოპმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წალენჯიხის 600  მოსწავლეზე გათვლილი  №1 საჯარო სკოლის სკოლის ახალი შენობის  პროექტირებას იწყებს.

 

პროექტი შემდგომში გამოყენებული იქნება  სხვადასხვა რეგიონში, როგორც განმეორებადი მოდელი.

 

ახალ სკოლაში მოსწავლეებისთვის მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ინფრასტრუქტურა, მათ შორის საკლასო ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე.

 

სკოლის შენობაში ასევე განთავსდება ბიბლიოთეკა, მუსიკის ოთახი, სამედიცინო კაბინეტი, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, მრავალფუნქციური და  სპორტული დარბაზები.

 

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, სკოლის  ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს   სათამაშო მოედანი, ღია, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული  სპორტული მოედანი და  გასახდელები.

 

ახალი სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტით გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების, წყალმომარაგებისა და გათბობა-ვენტილაციის თანამედროვე სისტემების მოწყობა.