თელავსა და სენაკში საცურაო აუზების პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა

5 დეკემბერი 2025

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავსა და სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  სპორტკომპლექსების პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა.  

 

თანამედროვე სპორტული კომპლექსები  მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
 
ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე დამსწრე მაყურებლებისთვის 200 ადგილზე გათვლილი ტრიბუნების განთავსება.
 
გარდა ამისა, კომპლექსებში დაგეგმილია საბავშვო აუზების, გასახდელების, საშხაპეების, სავარჯიშო დარბაზების, მწვრთნელების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახების,  საკონფერენციო დარბაზებისა და კომერციული ზონების მოწყობა.
 
შენობებში განთავსდება  სწრაფი კვების პუნქტები და სპორტული მაღაზიები.  
 
თელავისა და სენაკის საცურაო აუზების ტერიტორიაზე  გათვალისწინებული იქნება პარკინგი როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე  ავტობუსებისთვის.
 
სპორტკომპლექსების ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
 
პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს თელავსა და სენაკში  ახალგაზრდული პროგრამების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.