მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება

22 ნოემბერი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ტენდერში კომპანია „არქიტექსმა“ გაიმარჯვა.
 
კომპანია, კონტრაქტის ფარგლებში, მესტიის ისტორიული უბნის რამდენიმე სექტორის განახლების სამუშაოებს განახორციელებს.
პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, მოიცავს ისტორიული შენობების, მათ შორის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენას. რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია, ასევე, ტრადიციული არქიტექტურული შენობების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია და კონსერვაცია, რაც ლაღამის უბანს ავთენტურობას შეუნარჩუნებს.
 
რეაბილიტაციის პროცესში, შენობების გადახურვისთვის გამოყენებული იქნება ტრადიციული მასალები – ყავარი და ფიქალი, საჭიროების მიხედვით განხორციელდება, ასევე, გამაგრებისა და სახურავის მზიდი კონსტრუქციის შეცვლის სამუშაოები.
პროექტის მიზანია, მესტიის ისტორიული უბნის კეთილმოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ტურისტული პოტენციალის განვითარება.