ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება

20 ოქტომბერი 2025

 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა აშენდება.


დასკვნის თანახმად, შენობის კონსტრუქციული ელემენტების დეტალური გამოკვლევის შედეგად მდგრადობის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა.

კერძოდ, სპეციალისტების შეფასებით, არსებული შენობა არ შეესაბამება სეისმურ ნორმებს, დაზიანებულია მისი საძირკველი, არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და აღდგენას არ ექვემდებარება.
 
ექსპერტიზის დასკვნა N89 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და ისნის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.

დასკვნის მიღებამდე მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გადაწყვეტილებით, დროებით შეაჩერა და კონსტრუქციული მდგრადობის დამატებითი კვლევის ჩატარება შემსრულებელ კომპანიას დაავალა.

N89 სკოლის მშენებლობა განხორციელდება ევროსაბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური მხარდაჭერით.
 
პროექტის მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ეტაპობრივად, პროცესის მიხედვით გამოაქვეყნებს.