ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში ახალ პროექტებს იწყებს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
შეხვედრის მიზანი იყო ნიუპორტისა და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების ნაწილის რეაბილიტაციისა და გეგმარებითი-არქიტექტურული კონკურსის მოსამზადებელი საკითხების ადგილზე განხილვა. შეფასდა არსებული არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის შენობების მდგომარეობა და განისაზღვრა ძირითადი მიმართულებები შემდგომი სამუშაოებისთვის.
აღნიშნულ უბანში თავმოყრილია მრავალი ისტორიული და კულტურული ღირებულების შენობა. მათ შორის, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა როლის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სრისტემების მოწყობა.
მალე დაიწყება ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ისტორიული შენობების აღდგენა და განახლება უმნიშვნელოვანესია ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის.