შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან

10 სექტემბერი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან და სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
ბექა ურუშაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი მზადაა გამჭვირვალედ ითანამშრომლოს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა კიდევ უფრო გამარტივდეს კერძო სექტორთან ურთიერთობა.
 
რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა. მინისტრმა აღინიშნა, რომ სამინისტრო ბიზნესთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების ეფექტიანი შესრულებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის.
 
მინისტრმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
 
ბიზნესასოციაციის წევრებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.