მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს

1 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.
როგორც ქვეყნის დედაქალაში, ისე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, დაგეგმილია კულტურული, სპორტული, ტურისტული, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
პროექტების განხორციელების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ეტაპობრივად გამოაცხადებს ბაზრის კვლევებსა და ტენდერებს.
სხვადასხვა მასშტაბის დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, მოადგილეებთან და ფონდის თანამშრომლებთან ერთად შეხვედრა გამართა არქიტექტორებთან.
შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტების განხორციელების ვადებზე, სამუშაო პროცესის მართვაზე და იმ მიდგომებზე, რომელიც მნიშვნელოვანია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის პროექტების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის პრიორიტეტულია აღნიშნულ პროექტებში არქიტექტორთა აქტიური მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას, დარგის სპეციალისტების მაქსიმალურ ჩართულობას და შექმნის საფუძველს პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.