თელავში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

7 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თელავში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და თანამედროვე, პიაცის ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ძირითადი სამუშაოები – მოეწყო აუზის რეზერვუარი, განთავსდა კაფეს კონსტრუქცია, მიმდინარეობს კომუნიკაციების მონტაჟი.
ასევე, აქტიურად გრძელდება გზებისა და საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაო ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩებზე, მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა. ტერიტორიაზე მოწესრიგდა საჰაერო კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები.