ლაღამის უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21 ივნისი 2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის ლაღამის უბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის სესხის ფარგლებში ხორციელდება, მოიცავს 20-ზე მეტი ისტორიული შენობის, მათ შორის კოშკისა და მაჩუბების აღდგენას.
 
რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრადიციული არქიტექტურული შენობების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია და კონსერვაცია, რაც ლაღამის უბანს ავთენტურობას შეუნარჩუნებს.
 
პროექტის თანახმად, შენობების გადახურვისთვის გამოყენებული იქნება ტრადიციული მასალები – ყავარი და ფიქალი. საჭიროების მიხედვით განხორციელდება, ასევე, გამაგრებისა და სახურავის მზიდი კონსტრუქციის შეცვლის სამუშაოები.
პროექტის მიზანია, მესტიის ისტორიული უბნის კეთილმოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ტურისტული პოტენციალის განვითარება.