თბილისის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი დასრულების ეტაპზეა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის ეროვნული პარკის სრულ რეაბილიტაციას მალე დაასრულებს.
პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები პარკის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა. დასრულდა ვიზიტორთა ცენტრის, საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი ფანჩატურების, საპიკნიკე სივრცეების და სამთო თავშესაფრების მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მცირე დამატებითი სამუშაოები.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 5.8 მილიონი ლარით ფინანსდება.
თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა. პარკის უპირატესობებია დედაქალაქთან სიახლოვე, მისი ბიომრავალფეროვნება, კულტურული და ისტორიული ძეგლების სიმრავლე და ტურისტული აქტივობების მოწყობის შესაძლებლობა ოთხივე სეზონზე.
პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება.
განვითარებული ინფრასტრუქტურა პარკს უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის.
პროექტის დასრულების შემდეგ პარკის ახალი ინფრასტრუქტურა სამართავად გადაეცემა დაცული ტერიტორიების სააგენტოს.