ახალციხეში მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე არჩილ ნიკოლეიშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლის შენობის გაჭიანურებული რეაბილიტაცია იყო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილია, რომ აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციის პროექტს და ზოგადად, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მომავლში მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს – ერთი უწყების პასუხისმგებლობით, პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. შესაბამისად, სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის მომზადება და ახალი ტენდერის გამოცხადება გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სამინისტრო იღებს ყველა ზომას, რათა ტენდერი უმოკლეს ვადებში გამოცხადდეს და სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს.
ახალციხის მე-2 საჯარო სკოლაში 400-მდე მოსწავლე სწავლობს და 67 პედაგოგი ასწავლის.