თბილისის N89 საჯარო სკოლას დამატებითი კონსტრუქციული კვლევა უტარდება

11 ივნისი 2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის N89 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სკოლის შენობის რეაბილიტაციის პროცესში, სამუშაოების დაწყების შემდეგ, შენობის კონსტრუქციული ელემენტების დეტალური გამოკვლევის საფუძველზე, საჭირო გახდა პროექტში გარკვეული კორექტივების შეტანა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა დროებით შეაჩერა სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემსრულებელ კომპანიას დაავალა კონსტრუქციული მდგრადობის დამატებითი კვლევის ჩატარება. კვლევის შედეგების მიხედვით, დაიგეგმება სამუშაოების გაგრძელების ეტაპები. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს პროექტის დაზუსტება და გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო ცვლილებების შეტანა.

სკოლის მიმდინარე მდგომარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, არჩილ ნიკოლეიშვილი გაეცნენ.

ფონდისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ამიტომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით.

460 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება ევროსაბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური მხარდაჭერით.