ინფრასტრუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში, სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების პროექტს ახორციელებს.

 პროექტი ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში რამედნიმე ათეული სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნის, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციასა და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობას. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები, მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

 

მიმდინარე ურბანულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

,,ველისციხეში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ურბანული განახლების პროექტი, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ლარია. სამწუხაროდ, პროექტი გაჭიანურდა, კონტრაქტორი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ პროექტის მალე და ხარისხიანად დასასრულებლად. მიმდინარეობს ასევე, წყლის პრობლემის მოგვარება, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. ბოდიშს ვუხდი ადგილობრივებს შექმნილი ვითარებისთვის. ამ პროექტების დასრულების შემდეგ მივიღებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს ქვეყანაში-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ველისციხეში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

 

ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის ისტორიული თეატრის ფასადსა და პირველ სართულს.

 

აღსანიშნავია, რომ ველისციხის თეატრს 130 წლის ისტორია აქვს, სადაც პირველი წარმოდგენა 1885 წელს დაიდგა. თავად სოფელი ველისციხე კახეთის ერთ-ერთი უძველესი და დიდი დასახლებაა, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით და შენობა-ნაგებობებით.

 

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება.

 

ველისციხის განახლებით, კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარი, ტურისტულად საინტერესო ცენტრი შეემატება, რაც ველისციხის მოსახლეობისთვისაც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.