მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

15 მაისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სამივე ბაღის ღირებულება 10.4 მილიონ ლარს აღემატება.
ჯამში, ქვემო ქართლის რეგიონში,ფონდი, 20 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია 3 ბაღის მშენებლობა და ერთის რეაბილიტაცია. მხოლოდ საბავშვო ბაღების პროგრამისთვის, ქვემო ქართლში, ფონდს გამოყოფილი აქვს 71 მილიონ ლარზე მეტი.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად არის ჩართული ქვემო ქართლის რეგიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. მთლიანობაში, ფონდი ამ რეგიონში 115 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური გარემოს განვითარებას რეგიონში” - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ქალაქ მარნეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელსა და სოფელ შულავერში, ბაღების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღების შენობები სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღების აღსაზრდელები, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.