სენაკში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცე და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დასრულებული პროექტი მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ახალი საბავშვო ბაღი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონს სცდება. პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 11 მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, მარტვილში, ლანჩხუთში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ახალციხესა და თეთრიწყაროში აშენდა 20 საბავშვო ბაღი, ჯამური ინვესტიციით - 79.6 მილიონი ლარი.