მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროცესში ბენეფიციარებიც ჩაერთვებიან
12 აპრილი 2014
დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირქტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ წარმოადგინა ფონდის მიერ მომზადებული მიუსაფართა დროებითი საცხოვრებელის პროექტის კონცეპტუალური დიზაინი.
საქართველოს მთავრობამ, უწყებათაშორისი კომისიის წინადადებით, უკვე მიიღო გადაწყვეტილება თავშესაფრის დიდი ლილოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, რომელიც 3 300 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს.
მიუსაფართა დროებითი საცხოვრებელის მოსაწყობად ე.წ. სენდვიჩპანელური ტიპის მშენებლობა განხორციელდება. მოეწყობა კვების ბლოკი, სამედიცინო პუნქტი და სხვა. მოხდება ტერიტორიის გამწვანება, დამონტაჟდება გარეგანათება, პანდუსები და ჩატარდება სხვადასხვა სახის სამუშაოები იმისთვის, რომ თავშესაფარში მაცხოვრებლები უზრუნველყოფილნი იყვნენ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით. შენობა 240 ბენეფიციარზეა გათვლილი.
ტერიტორიის პირველადი მოწყობისთანავე, მოხდება მიუსაფართა ამჟამინდელი საცხოვრებელი კარვების დიდი ლილოს ტერიტორიაზე დროებით. აღნიშნული პროცესი, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება. ასევე, დაგეგმილია შრომისუნარიანი ბენეფიციარების მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროცესში ჩართვაც.
აღნიშნული სამუშაოები მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება იმისთვის, რომ მიუსაფარ პირებს ზაფხულის ცხელი დღეების გატარება კარვებში აღარ მოუწიოთ. დღესვე, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა პროექტის შედგენა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც სხდომაზე გამოითქვა. აღნიშნულ პროექტს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ტენდერი გამოცხადდება.