ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია სრულდება
ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) რეაბილიტაცია სრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურებისა და სპორტული ზონის მოწყობა. ასევე, დასრულებულია არსებული ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის, პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშო და სივრცეები ღია კაფეებისთვის. მოეწყო ახალი საინჟინრო ქსელი, რაც მოიცავს, როგორც საკანალიზაციო, ისე წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის.
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.