დედოფლისწყაროში ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქალაქ დედოფლისწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ადგილზე მოინახულეს.
პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია, ხელოვნური ტბის, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, ტბის გარშემო პირსებისა და ტბაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ასევე მიმდინარეობს პარკის მიმდებარედ არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია.
დედოფლისწყაროში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, დასრულდა რუსთაველის და ჰერეთის ქუჩების რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 შენობას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი და მოსასვენებელი სკამები.
ამავე პროგრამით დაფინანსებული მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, განხორციელდა რუსთაველის, ჰერეთის, ფიროსმანის, გორგასლის და თეატრის ქუჩების რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ბილიკებს, არსებულ ღობეებსა და ჭიშკრებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სრულად განახლდა რუსთაველის და ჰერეთის ქუჩაზე არსებული სკვერები. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად, ჰერეთის ქუჩაზე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა.
პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 30.6 მილიონი ლარია.