ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის დაფინანსებით მგფ-ი 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს
პროექტის განხორციელების ფარგლებში საქართველოს 28 ქალაქის დაახლოებით 200 000 ათასს მოქალაქეს მოუწესრიგდება წყალმომარაგების პრობლემა. პროექტის ფარგლებში მოგვარდება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: არსებული წყალმომარაგების ქსელების განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა და მომსახურეობის მაღალი დონის დანერგვა.
საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ევროს ფარგლებში, სწორედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირს შორის შედგა სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის (NIF) ფინანსური შეთანხმება. აღნიშნული თანხა, ისევე როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი, 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ აღნიშნულ კრედიტთან ერთად 8 მილიონი ევრო თანადაფინანსების სახით პროექტის წარმატებით განხორციელებაზე დაიხარჯება.
წყლის სისტემის მოწესრიგება მოხდება საქართველოს 28 ქალაქში. კერძოდ: სენაკის მუნიციპალიტეტში, ხობის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, წაღვერში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წნორის მუნიციპალიტეტში, აბაშის მუნიციპალიტეტში, ონის მუნიციპალიტეტში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ლიკანში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, წალკის მუნიციპალიტეტში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში.
საქართველოში წყლის ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწესრიგების მიზნით 2013 წლის 20 აგვისტოს ლუქსემბურგში საქართველოს მთავრობამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებას 40 მილიონი ევროს ოდენობით, რომლის ფარგლებშიც 28 ქალაქში წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები განხორციელდება. 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის განმახორციელებელი უწყებები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიები არიან.
აღნიშნული პროექტის მიზანს საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 28 ქალაქში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. პროექტი 2014 წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.