პრემიერ-მინისტრმა ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დაათვალიერა
ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც ონის მოსახლეობას აწუხებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად მოგვარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ონის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პირველ პირს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ მიაწოდეს.
„ონის მოსახლეობას არ ჰქონდა გაფილტრული წყალი და როგორც მინისტრმა აღნიშნა მოსახლეობას აქამდე მიეწოდებოდა ტალახიანი წყალი, ასეთი ელემენტარული პირობების არ არსებობაზე გვაქვს საუბარი, რაც 21-ე საუკუნეში ჩვენი სირცხვილია, პირველ რიგში ეს იყო წინა ხელისუფლების სირცხვილი კიდევ ერთხელ, ისინი არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მოსახლეობას, ეს არის ის რისი გამოსწორებაც ჩვენ გვიწევს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ყურადღება არ ექცეოდა საქმის გაკეთებას და ფასადურად აკეთებდნენ ყველაფერს. პროქტი დასრულდება ერთ თვეში და ონის მოსახლეობას ექნება გაფილტრული, მაღალი ხარისხის სასმელი წყალი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ონის სათავე ნაგებობის დათვალიერებისას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით სათავე ნაგებობის მშენებლობის გარდა ონში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
„პროექტი ხორციელდება ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, პროექტი მოიცავს საქლორატოროს მშნებლობას, ხორციელდება სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ონს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და მოსახლეობას მიეწოდება მაღალი ხარისხის სასმელი წყალი. ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მეირ ქალაქ ონში განხორციელდა 8 ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე რაჭა- ლეჩხუმში აშენდება 4 ამბულატორია “-, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 927,073.65 ლარია. ობიექტზე სამუშაოები 2013 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას მშენებლობაზე 70-80 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.
პროექტით არა მხოლოდ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა, არამედ ნაგებობამდე მისასვლელი გზაც გაკეთდა.
განხორციელდა ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ქალაქ ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის დაწყებამდე ონის მუნიციპალიტეტში არ არსებობდა წყლის რეზერვირება, გაფილტვრა , დაქლორვა. რეაბილიტაციის შედეგად, მოხდება სასმელი წყლის გაფილტვრა , დაქლორვა და სასმელად მაღალი ხარისხის წყალი მიწოდება ქალქ ონის მოსახლეობისთვის.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდა "ქვედრულის" წყალსადენის საკაპტაჟო ნაგებობის რეაბილიტაცია, მოეწყო საგუშაგო ჯიხური. აშენდა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ყველა საჭირო კომუნიკაციითაა აღჭურვილი , (ჭა წნევის რეგულატორი, წყალმზომის ჭა, ვერტიკალური სალექარი, ჩქარი ფილტრი და სხვა). ასევე გაკეთდა 1000 მ3 რეზერვუარი, საქლორატორო, სატუმბი სადგური და სადაწნეო მილსადენი. სრულად მოხდა სათავე ნაგებობის ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
პროექტის დასრულების შედეგად ონის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა.
ონის სათავე ნაგებობაზე პრემირთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, ონის მაჟორიტარი გია ჯაფარიძე და პარლამენტარი დავით საგანელიძე.