ქალაქ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გახსნეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა სივრცეს, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. დასრულებულია დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები და დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
განახლებულ სკვერში საფეხმავლო და ველობილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, ფონდი რუსთავში არაერთ პროექტს ახორციელებს. დასრულებულია 12 შენობის და მიმდინარეობს 10 შენობის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა შენობის ფასადები, ფანჯრები და ვიტრაჟები, მოეწყო განათების სისტემა და გამწვანება. პროექტის მეორე ეტაპი აღნიშნული სამუშაოების გაგრძელებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ველობილიკების და საფეხმავლო ზოლის მოწყობას, სამუშაოების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი 2023 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
ამას გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავის მუნიციპალიტეტს გრანტის სახით 6 509 257 ლარი გადასცა, რომლითაც ქალაქში მიმდინარეობს: ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, შოთა რუსთაველის სახელოების მოედნისა და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
ამასთან, ფონდმა ლიფტების რეაბილიტაციისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტს გრანტის სახით 2 820 033 გადასცა. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ 2022 წლის განმავლობაში, ქალაქში 80 ლიფტი ჩანაცვლდა და რუსთავის მუნიციპალიტეტი ლიფტების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის მიზნით, მუშაობას აგრძელებს.
„განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.