მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
სოფელ ცოფის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო.
საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 150-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო და მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 91 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ახორციელებს.