საქართველოში იტალიური დიზაინის დღეები გაიმართა
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 21-22 ივნისს ღონისძიება“ Advancing on the Italian Design Days in Georgia” გამართა.
დატვირთული პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს - რესტავრაცია, ინოვაცია და მდგრადი განვითარება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, იტალიური დიზაინის საუკეთესო მაგალითების წარმოჩენით საუბარი იყო სწორედ ამ პრინციპებზე ხელოვნების, აკადემიის და მრეწველობის კუთხით. კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ჯგუფი - რომელთა დიდი ნაწილი ჩამოვიდა საქართველოში - აღნიშნულ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მხრიდან პრეზენტაცია წარადგინა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ფონდის პროგრამის მენეჯერი ბექა თორია, რომელმაც იტალიელ არქიტექტორებს გააცნო ის პოტენციური პროექტები, რომლის პროექტირებაზე ტენდერები უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
არტისტმა ედოარდო მალაჯიჯიმ - რომლის ნამუშევრები წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებში, როგორიცაა ვენეციის ბიენალე და ბერლინში Abaco-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცე - შექმნა სკულპტურა. ნარჩენებისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით არტისტის მიერ შექმნილი ნამუშევარი “Cupola” წარმოადგენს „ალესი“-სთვის 1985 წელს ალდო როსის მიერ შექმნილი ყავის მადუღარის პროტოტიპს, რომელიც დროთა განმავლობაში იტალიური დიზაინის მაგალითად იქცა.
22 ივნისს იტალიის არქიტექტორთა ეროვნულმა საბჭომ (CNAPPC) მონაწილეობა მიიღო ვორქშოფში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს იტალია-საქართველოს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში კომპანიებს, ექსპერტებსა და ასოციაციებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. აღნიშნულ ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო როგორც ფიზიკურად ასე ონლაინ დასწრება. ამავე ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით გამოიფინა ყოველწლიური პრემიის „იტალიელი არქიტექტორი“ ნამუშევრები.
ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს იტალიის რესტავრატორთა ასოციაციამ (Assorestauro), ევროპის დიზაინის ინსტიტუტმა (IED) და მილანის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა. იტალიის არქიტექტურულმა სტუდიებმა წარადგინეს პრეზენტაცია იმერეთში მდებარე ისტორიულ-კულტურული შენობის რესტავრაციის კონცეფციის თაობაზე. ასევე ისაუბრეს წყალტუბოს ახალ ხედვაზე, რაც ტურისტული კუთხით კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ადგილებს.
ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, არქიტექტორთა ასოციაციამ და არქიტექტორთა კავშირმა, თბილისის სამხატვრო აკადემიამ და იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა - მარიამ ბოჭორიშვილმა.
ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ სფეროში იტალია-საქართველოს შორის არსებული კონტაქტების 360 გრადუსით გაზრდას და ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის ცნობადობის ამაღლებას.