პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართა

 პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველი სხდომა ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 
 კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. 
 
 იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში. 
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 
 
 4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. 
 
 პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.