ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამატებით სამი სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამი ახალი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს სკოლებია: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის 450 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლა, გორის მუნიციპალიტეტი სოფელ ქერეს 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო მაჩხაანის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა.
სამივე სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო. მთავრობის დაფინანსებით უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, დონორის დაფინანსებით დაწყებულია 20 სკოლის ენერგო ეფექტური კომპონენტის გაძლიერებაც. პროგრამა ფინანსდება საქართველოს მთავრობის და დონორების (CEB და NEFCO) დაფინანსებით. პროგრამის საერთო ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია.
სამი ახალი სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3776
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3779
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3781