„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებ”-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE) განახლებული დოკუმენტი
„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების“ პროექტის მთავარი მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა. პროექტის განხორციელება დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვეტიციო პროგრამის ((SUTIP) მე-4 ტრანშის ფარგლებში.
ბათუმის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთი განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 5კმ-ის სიგრძეზე. ამ მონაკვეთის გასწვრივ მთელი რიგი სახლებისა და დამუშავებული მიწებისა დაკარგულ იქნა. სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების გარეშე სანაპიროს ეროზია გაგრძელდება აეროპორტის მხარეს და ბათუმის სამხრეთით მდებარე სოფელ ადლიაზეც, რაც საფრთხეს შეუქმნის და დააზიანებს პლაჟებს და ბათუმის სანაპირო ზოლს. შედეგები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ტურიზმის განვითარების საინვესტიციო გარემოზე.
საპროექტო ტერიტორია მოიცავს ბათუმის სანაპიროს ბათუმის კონცხიდან ჩრდილოეთით, მდინარე ჭოროხის შესართავთან, სამხრეთით. ბათუმის სანაპირო ზოლის პლაჟები ფორმირებულია მდინარე ჭოროხის მიერ ჩამოტანილი დანალექი ხრეშის მიერ. ბათუმის სანაპიროს სიღრმეებზე ორი წყალქვეშა კანიონი მდებარეობს. ერთი აღწევს ბათუმის კონცხს ჩრდილოეთით, მეორე სამხრეთით- მდინარე ჭოროხის შესართავის საპირისპიროდ. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნატანის ნაწილი მდინარიდან ჩადის კანიონში, აქედან გამომდინარე ვერ ახერხებს ქვემო-დინების პლაჟების გამოკვებას. გარდა ამისა, ხელოვნურმა ინტერვენციებმა მდინარეზე (ნატანის მოპოვება, წყლის დინების რეგულირება) შეამცირა ნატანის მოცულობა, რომელიც პლაჟზეა ხელმისაწვდომი და მოსალოდნელია შემდგომი შემცირება მდინარეზე ახალი დამბების მშენებლობის გამო.
სანაპიროს ეროზიისგან დაცვის ალტერნატივების შეფასებამ, რომელსაც ზეგავლენა აქვს აუზის სამხრეთ მონაკვეთზე, აჩვენა, რომ მსუბუქი ინტერვენცია, რომელიც ხასიათდება ნატანის რეცირკულაციით, აუზის ჩრდილოეთ მონაკვეთსა და (სადაც ის აკუმულირდება ბუნებრივი გადაადგილებით) სამხრეთ ნაწილს შორის (საიდანაც მან ადგილი იცვალა ეროზიის გამო), არის ყველაზე ეფექტური გამოსავალი, ნაპირის დასაცავად და აღსადგენად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სანაპიროს დაცვა ეროზიისგან მოიცავს დაახლოებით 5.5 კმ-იან სანაპირო ზოლს და ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა გათვალისწინებულია დიდი ზომის (1-3 ტონა თითოეული) ფლეთილი ქვის წყობით. ამავე დროს, გათვალისწინებულია პლაჟის აღდგენა შესაბამისი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, რომლის შემოტანა მოხდება როგორც ბათუმის ძირითადი პლაჟის 2 კმ-იანი მონაკვეთიდან (კონცხის მიმდებარე ტერიტორიიდან), ასევე კარიერებიდან. არსებული ბულვარის აღდგენილ პლაჟთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ცალი საფეხმავლო ხიდი სიგრძით 20 მ და სიგანით 1,5 მეტრი.
პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია მდ. ჭოროხის მონიტორინგის პროგრამა და კვლევები 2D და 3D ციფრული და ფიზიკური მოდელირების გამოყენებით, მდინარის ჩრდილოეთის მიმართულებით გადინების რეორიენტაციის შესაძლებლობის ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, რათა მდ. ჭოროხის ნატანის დანაკარგი კანიონში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
საბოლოო საპროექტო გადაწყვეტა წარმოდგენილია ქვემოთ სქემატურ დიაგრამაზე:
ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის შემოთავაზებული პროექტი, აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების კლასიფიკაციით (SPS, 2009), გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მიეკუთვნება B კატეგორიის პროეტქს, რაც გულისხმობს, რომ პროექტის მიმდინარეობისას ან შემდგომ, არ ექნება ადგილი მნიშვნელოვან შეუქცევად ან მუდმივ უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე. პროექტის ამ კატეგორისთვის აზიის განვითაზრების ბანკი ითხოვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის ანგარიშის მომზადებას (IEE).
შესაბამისად, პროექტისთვის მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის დოკუმენტი, რომელიც პროექტის დიზაინის მრავალჯერადი მოდიფიკაციის გამო, ასევე რამდენჯერმე შეიცვალა და განახლდა. პროექტის საბოლოო დიზაინის შემუშავების შემდგომ, საბოლოო მოდიფიკაცია მოხდა 2016 წლის თებერვალში.
გარემოზე ზემოქმედების წინასწარი კვლევის ანგარიშში (IEE) წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია:
- გარემოსადაცვით სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური მოწყობის მიმოხილვა და ის საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებები, რომლის მონაწილეც არის ჩვენი ქვეყანა;
- საპროექტო ტერიტორიის გარემოს ზოგადი პარამეტრები, როგორც საბაზისო მონაცემები;
- პროექტის ალტერნატივების შეფასება, მდგრადობისა და ეფექტურობის კუთხით;
- პროექტის პოტენციური ზემოქმედება და ზემოქმედების მახასიათებლები, მასშტაბი, გავრცელება, ხანგრძლივობა, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ჯგუფები;
- შესაძლო შემამსუბუქებელი ღონისძიებები, შესაბამისი ხარჯების ჩათვლით;
- გარემოს დაცვის მართვისა და მონიტორინგის გეგმები.
საერთო სამშენებლო ხანგრძლივობა არის 14 თვე. სამშენებლო სამუშაოები ძირითადად განხორციელდება არა- ტურისტულ პერიოდში.
პროექტის ფარგლებში, პირველი საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან გაიმართა 2015 წლის, 7 აპრილს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში. საჯარო განხილვა მოეწყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, სადაც პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი კვლევის (IEE) დოკუმენტის სამუშაო ვერსია იქნა წარდგენილი და განხილული.
პროექტის კიდევ ერთი საჯარო განხლვა/გაცნობა ჩატარდა, 2016 წლის 5 თებერვალს, ბათუმში, საბოლოო დეტალური დიზაინის შემუშავების შემდგომ. პროექტის ფარგლებში, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედებებისა და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საჩივრების განხილვის მექანიზმის (GRM) თაობაზეც, რომელიც შეიქმნება და განკუთვნილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვისა და მათი გადაწყვეტისთვის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საჩივრების განხილვის მექანიზმის ფარგლებში იწარმოებს საჩივრების რეგისტრაციის ჟურნალი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი უკმაყოფილებისა თუ პრეტენზიების დაფიქსირებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.