საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა იწყება
24 თებერვალი 2014
საქართველოს მასშტაბით 81 ახალი მბულატორიის მშენებლობა იწყება. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.
ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 31-33 კვ.მ-ია. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვება. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ.
მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობების ინფრასტრუტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
ახალი ამბულატორიები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კვირიდან დაიდგმება, რის შემდეგაც დაიწყება მათი აღჭურვა. გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. მათ შორის, ათი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე საჭირო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ამბულატორიისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფუნდამენტის მოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტერიტორიამდე მიყვანას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.