საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 17 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება
გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების 17 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება.
რეგიონის 17 სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნა. სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები მარაგდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. სამშენებლო სამუშაოები სოფლებში ჭაბურღილების, ავზების და საქლორატოროს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს და მისი ღირებულება - 5,5 მლნ ლარზე მეტია.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რაც 17 სოფლის ათასობით მოსახლეს მოუხსნის სასმელი წყლის პრობლემას და გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს.