წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება
6 თებერვალი 2018
კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მონიტორინგს იმერეთის რეგიონში განაგრძობს. ზურაბ ალავიძე ამჯერად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.
წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ათეული წლის განმავლობაში, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა.