ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქალაქ ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 927,073.65 ლარია. ობიექტზე სამუშაოები 2013 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2014 წლის 15 ივნისს დასრულდება. პროექტს შპს “ნდს მშენებლობა” ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 70-80 ადამიანი დასაქმდება და მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
პროექტით არა მხოლოდ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, არამედ ნაგებობამდე მისასვლელი გზაც გაკეთდება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდება “ქვედრულის” წყალსადენის საკაპტაჟო ნაგებობის და საგუშაგო ჯიხურის აღდგენა. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ყველა საჭირო კომუნიკაციით იქნება აღჭურვილი, (ჭა წნევის რეგულატორი, წყალმზომის ჭა, ვერტიკალური სალექარი, ჩქარი ფილტრი და სხვა). ასევე იგეგმება 1000 მ3 რეზერვუარის, საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და სადაწნეო მილსადენის მოწყობა. სრულად მოხდება სათავე ნაგებობის ტერიტოტრიის კეთილმოწყობაც.
ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქალაქ ონის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.