მუნიციპალური განვითარების ფონდი 2013 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მედიას 2013 წლის პირველ ნახევარში ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგები გაააცნეს.
მგფ–ის მისია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა, ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფინანსური რესურსების ინვესტირებაა. სწორედ აღნიშნული მისიის ფარგლებში ფონდმა 2013 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ათობით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა
ანგარიშიდან ირკვევა, რომ მგფ–მა, 6-თვიანი მუშაობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში – ზესტაფონში, ფოთში, ზუგდიდში, მარნეულში, ქარელში, გორში, თერჯოლში, კასპში, მცხეთში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 16 საცხოვრებელი სახლი ააშენა. 11 კორპუსს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 12 სოფელში განხორციელდა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის ფონდმა 9 მილიონი ლარი დახარჯა.
2013 წელს ფონდმა დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც სალთვისი–ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციაა. კონფლიქტის ზონაში მდებარე სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემაზე მუშაობა განაღმვითი პროცესის ფონზე მიმდინარეობდა. საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულებაა 13 365 000 ლარია. ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად, 23 სოფლის 8500 ჰექტარი მიწა მოირწყვება, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად კი 16 სოფლის 9700 ჰექტარი. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულმა სოფლებმა წელს უკვე შეძლეს მიწის ნაკვეთების მორწყვა.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა
ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წელს ფონდმა ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე გამოაცხადა ტენდერი, როგორიც თბილისი–რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაა. ფონდის ახალი ხელმძღვანელობის ძალისხმევამ, რომ ტენდერებში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემო შეექმნა, შედეგი გამოიღო. შესაბამისად, განმეორებით ტენდერში, უპრეცედენტოთ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და სატენდერო დოკუმენტაცია 41–მა კომპანიამ შეიძინა.
მგფ–ის ხელმძღვანელობის ძალისხმევის შედეგად თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია. კერძოდ: აღმოიფხვრა პროექტში არსებული ყველა ხარვეზი, გადაიჭრა საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მიღებულია მშენებლობის ნებართვა, მნიშვნელოვნად შემცირდა პროექტის ღირებულება, რომელიც ხელოვნურად იყო გაბერილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 100%–ით ადგილობრივი მუშა–ხელი დასაქმდება.
მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოების ცხენისწყალზე, ანაკლიასა და ბათუმში
ფონდმა 2013 წლის პირველ ნახევარში, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო. უკვე დასრულდა ცაგერის მუნიციპალიტეტში მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 3 მილიონი ლარია. დაიწყო ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 15 მილიონი ლარია. ამჟამად კი ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს ქალაქებში
ანგარიშის მიხედვით, ფონდის საქმიანობა აქტიური და მასშტაბური იყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის კუთხითაც. 6 თვის განმავლობაში 17 ქალაქსა და 5 დაბაში მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა, რაზეც 12 500 000 ლარი დაიხარჯა.
საავტომობილო გზების რეაბილიტაცია
ასევე, განხორციელდა საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბლიტაცია. 7 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით 8.2 მილიონი ლარი.
ტურისტული და კულტურული ცენტრების რეაბილიტაცია
მგფ–მა კახეთსა და იმერეთში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ათობით პროექტი დაიწყო. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტულ ცენტრებში ქუჩებისა და შენობების რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ექვსი თვის მანძილზე ფონდმა მოაგვარა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები. კერძოდ, ათობით პროექტზე აღმოიფხვრა საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში სრულად იყო იგნორირებული. ყველა პროექტზე მიღებულია მშენებლობის ნებართვა, რომლიც აქამდე არ არსებობდა, შემაცირა ხელოვნურად გაბერილი საპროექტო ღირებულებები. მოხდა არაერთი უხარისხო პროექტის კორექტირება და გასწორდა ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ფონდის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მანკიერ თვისებაზე, რომ აშენოს სწრაფად და უხარისხოდ, მგფ–ის მიზანია, ყველა მის მიერ განხორციელებული პროექტი იყოს კანონთან შესაბამისობაში და მაღალი ხარისის, რაც 6-თვიანი მუშაობის შედეგად დადასტურდა კიდეც.