წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტი შიდა ქართლში

5 აგვისტო 2013

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს პატარა ლიახვის ხეობაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტის სამუშაოები მოინახულეს.


მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზარდიანთკარში, დიდ ხურვალეთში, გუგუთაანთკარსა და კოშკაში ორი დამატებითი ჭაბურღილის ბურღვა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამოქმედდა და მას საქართველოს მინიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, ოთხი ჭაბურღილის მშენებლობაა დაგეგმილი, რის შედეგადაც, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ოთხ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.


„ეს არის მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც აქ მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის“, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, - „აქ მცხოვრებლებს წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ, ამ პროექტის განხორციელებით კი, ეს ვითარება რეალურად, უკეთესობისკენ შეიცვლება.“
პროექტის მიხედვით, ჭაბურღილებში ჩაისმება შესაბამისი დამეტრის ლითონის საცავი მილები, მოეწყობა წყლის ფილტრები, დამცავი სანიტარიული ღობე, დამონტაჟდება შესაბამისი წარმადობის ტუმბოები და მართვის კარადები. თითოეული ჭაბურღილის საპროექტო დებიტი (მიღებული წყლის მოცულობა) იქნება 1.2 ლიტრი/წმ.
„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და წყალი ამ საჭიროებებს შორის ერთ-ერთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ამდენად, ამ პროექტის განხორციელებას აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.


„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით ჭაბურღილებს გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში აშენებს. ამჟამად, სამუშაოები ორ სოფელში - ზარდიანთკარსა და კოშკაში მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ კი, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის, შემდეგი ორი ჭაბურღილის მშენებლობა დაიწყება,“ - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.


პროექტის მიხედვით, ორი ჭაბურღილის მოწყობის საორიენტაციო ღირებულება 124,200 ლარს შეადგებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.