წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ, როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა. სავარაუდო ღირებულებაა 3,746,942 EURO. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთები 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სტიქიის მიზეზების შესწავლისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ჩატარდა წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით. კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 28 ივნისს გამოაცხადა ტენდერი, გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. თუმცა, სატენდერო წინადადებები არ იქნა მიღებული, რადგან ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეროვნული საკონკურსო ტენდერის სამუშაოებისთვის განსაზღვრულ თანხებს. შესაბამისად საჭირო გახდა გამოცხადებულიყო ახალი საერთაშორისო ტენდერი.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო:
http://www.procurement.gov.ge/News/Design-Build-of-Rehabilitation-of-the-Tskneti-Sama.aspx
http://www.procurement.gov.ge/News/Design-Build-of-Rehabilitation-of-the-Tskneti-Sama.aspx?lang=en-US
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=1729
http://mdf.org.ge/?site-lang=en&site-path=tenders/current_tenders/&id=1730