სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს

23 აგვისტო 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ  ტყვიავში,  გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 1,629,996.89 ლარიამშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება. გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. გამყოფი ხაზის სოფელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ამჟამად  ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უხდება წასვლა, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება.

ამჟამად  გადაუდებელი სამედიცინო კლინიკის შენობა და დამხმარე შენობა უკვე აშენებულია. დასრულებულია ასევე შიდა წყალსადენის, შიდა კანალიზაციის, გათბობისა და შიდა ელექტრო- სამონტაჟო სამუშაოები.

მიმდინარეობს შენობების რბილი გადახურვის მოწყობის და შიდა სავენტილაციო სისტემის მონტაჟის, იატაკების პემზით დათბუნებისა და ბეტონით მოჭიმვის სამუშაოები.

დაგეგმილია ასევე შენობების  შიდა და გარე მოპირკეთების,  ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მოეწყობა გარე კანალიზაციის, წყალსადენისა და  გათბობა-გაგრილების სისტემები. დაონტაჟდება დაცვის, ვიდეომეთვალყურეობის, სატელეფონო და სატელევიზიო სისტემები.

 

ობიექტზე მუშაობის პერიოდში სულ დასქმებულია 38 ადამიანი.